შეფასებითი სისტემა

სასწავლებელი ატარებს გაერთიანებული ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებლის რობერ შუმანის სახელს, შესაბამისად, მან თავისი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებით, მართვის ხასიათით, ენობრივი მრავალფეროვნებით, საუკეთესო ქართული და ევროპული ტრადიციების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყოს ქართული სკოლის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, სასწავლებელი მიზნად ისახავს, მოამზადოს ქართველი ახალგაზრდები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის.

მოსწავლის შეფასების ამოცანები

მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. აფასებს ცოდნათა ურთიერთდაკავშირების, ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენებისა და ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარს;

განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას. განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარე ცოდნა/წარმოდგენები.

მოსწავლეთა გამსაზღვრელი შეფასების სისტემა

სკოლაში შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 ყველაზე მაღალი ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს პროგრესი თუ რეგრესი.

მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება დონეებისა და ნიშნების მიხედვით

9-10 ქულა -მაღალი

8-7 ქულა - საშუალოზე მაღალი

6-5 ქულა საშუალო

4-3 ქულა - საშუალოზე დაბალი

2-1 ქულა - დაბალი

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლე არ ფასდება ქულებით

ამ კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10.

V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.